რეზონანსი
29.09.2022

NGO-ის „კლანი" კლიპებით ცდილობდა სასამართლო სისტემის ნდობის შერყევას და ახლა გვეუბნებიან, რომ ნდობა არის აღსადგენი, ეს სირცხვილია, დღეს სასამართლოს მაღალი ნდობა აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ, „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში" განაცხადა, NGO-ის მიზანია აღადგინონ „ნაციონალური მოძრაობის" კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და 2/3 პრინციპი სჭირდებათ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს ვეტოს უფლება მოსამართლეების დანიშვნაზე.

„არის NGO-ის კლანი, მათ ჰყავთ საკუთარი ლობისტები და დონორები. მათი ამოცანაა, რამენაირად აღადგინონ „ნაციონალური მოძრაობის" კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, თუნდაც მინიმალური დოზით. ყველა მათი რეკომენდაცია ამას უკავშირდება, თუნდაც 2/3 პრინციპი. რაში სჭირდებათ ეს? იმიტომ რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს ვეტოს უფლება მოსამართლეების დანიშვნაზე. რაც მათ ამოძრავებთ არის ის, რომ პოლიტიკური გავლენა მისცენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სასამართლოზე.

2/3 პრინციპი მსოფლიოში არსად არის იმიტომ, რომ არის აბსურდი. როდესაც მსოფლიოში არსად არ არის ასეთი წესი დადგენილი უნდა დაფიქრდე რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. მიზეზი მათ ძალიან კარგად იციან, მაგრამ აქვთ პოლიტიკური ინტერესი. სინამდვილეში კლანი არის NGO-ში და ეს კლანი მოქმედებს კლანური პრინციპებით. ერთი ქეისი არ აქვთ უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომ რამე კრიტიკა ჰქონდეთ",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე მოქმედი მოსამართლეთა კორპუსის შენარჩუნება მოუწიათ, მაგრამ ამ კორპუსის პირობებში სისტემის გაჯანსაღება მოხერხდა.

მისი განცხადებით, NGO -მა და ოპოზიციამ დაამტკიცონ, რომ „ქართული ოცნება" არსებულ ვითარებას ბოროტად იყენებს.

„უამრავი მოსამართლე ავირჩიეთ, რომელიც არ იყო დაკავშირებული 2012 წლამდე სისტემასთან. 2012 წლამდე მოქმედი მოსამართლეებიდან მესამედია დარჩენილი და განახლება არის ძალიან დიდი. ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ დაიცვას ადამიანის უფლებები. უზენაეს სასამართლოში ავირჩიეთ 28 მოსამართლე, 1 ქეისიც არ აქვთ თქვან, რომ რამე უსამართლოდ გადაწყდა, ეს არის ჩვენთვის მთავარი, დანარჩენი არის ფარსი. გამდიდრებული NGO-ის კლანი რას იტყვის ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. პირველ ხარისხოვანი იქნება თუკი ისინი მიგვითითებენ პრობლემურ ქეისზე.

როგორც კი აჩვენებ სასამართლო კორპუსს, რომ მანამდე მომუშავე ყველა მოსამართლე სახლში მიდის ბუნებრივია, ყველა სისტემა მოირყევა. მართალია კორპუსის შენარჩუნება მოგვიწია, მაგრამ ამ კორპუსის პირობებში სისტემის გაჯანსაღება მოვახერხეთ. სისტემური პრობლემები იყო, როდესაც გიგაური, ლომჯარია და სხვები იყვნენ ხელისუფლებაში. როდესაც კლიპებით ცდილობ ნდობის შერყევას, მერე ნდობაზე არ უნდა ისაუბრო. გახსოვთ, რომ NGO-ის კლანი კლიპებით ცდილობდა სასამართლო სისტემის ნდობის შერყევას და ახლა გვეუბნებიან, რომ ნდობა არის აღსადგენი, ეს სირცხვილია. დღეს სასამართლოს მაღალი ნდობა აქვს.

2/3 პრინციპის შემოღებით პრობლემა კი არ აღმოიფხვრება, არამედ შეირყევა. ის წინადადებები, რაც მოაქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ პარტიებს ემსახურება სასამართლო სისტემის მოშლას. ჩვენ მარტივი მიდგომა გვაქვს, წარმოადგინონ სასამართლო სისტემაზე დაკავშირებით, ფაქტებზე დაფუძნებული შენიშვნები. 2/3 ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ვეტოს უფლება მივცეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე. დაამტკიცონ, რომ ჩვენ არსებულ ვითარებას ბოროტად ვიყენებთ. ნული ფაქტია",- განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×