რეზონანსი
26.09.2022

მოძრაობა „საქართველოსთვის" აქტივისტი გიორგი მუმლაძე მოითხოვს, გასაჯაროვდეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრები. მუმლაძის თქმით, კადრების გასაჯაროების შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის პროვოკატორი და ვინ მოძალადე.

„ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ განცხადებაში ბევრი სიცრუეა. მე ვამბობ პირდაპირ, რომ არაფერი მაქვს დასამალი და გაასაჯაროონ კადრები, რომლებიც, ბუნებრივია, გადაღებული იქნება, რადგან ვიდეოკამერები არის ოფისში. დადასტურდება, ვინ ცრუობს, ვინ არის მართალი, ვინ არის პროვოკატორი და ვინ არის მოძალადე. გაასაჯაროონ ვიდეოკადრები, არ არის პრობლემა.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, რომ მე ნამდვილად, როდესაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იყო, ჩემს მეგობრებთან ერთად მივედი. მინდოდა, მისთვის პირისპირ დამესვა შეკითხვები, რატომ მიუთითებდა ის თავის ქვეშევრდომებს, რომ ჩვენზე ეძალადათ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობდნენ. რადგან წლების განმავლობაში, ნიკა მელიას მხარდამხარ ვიბრძოდით, მის გამო მზად ვიყავი, რომ სპეცრაზმს დავხვედროდი „ნაცმოძრაობის" ოფისში და ფიზიკურად დამეცვა. მისი თხოვნით და ინიციატივით მე წავედი ზუგდიდში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ დამეცვა ანზორ მელიას ხმები. იქ ჯერ მცემეს და შემდეგ 10 დღე ფოთი იზოლატორში გავატარე. მისი ინიციატივით მე ვიშიმშილე „ნაცმოძრაობის" ოფისში და კინაღამ შევწირე ჩემი ჯანმრთელობა თავიდან ბოლომდე. ასეთი ადამიანი, რომელსაც მე ყველაფერში გვერდში ვედექი, ნაცვლად იმისა, რომ მართლა, ჩემგან კრიტიკულ აზრს იტანდეს, კრიტიკული აზრის გამო მზად არის, ფიზიკურად გაგვისწორდეს და გაგვანადგუროს. შესაბამისად, პირდაპირ მივმართავ მას, ამ მეთოდების გამო, მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან წასვლა", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის" აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

ამასთან, პარტიის ოფისში დაპირისპირების შესახებ გიორგი მუმლაძემ გუშინ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ფიზიკური დაპირისპირება ნამდვილად მოხდა. მისი თქმით, დაპირისპირება უკავშირდებოდა არა დავით კეზერაშვილის საკითხს, არამედ ერთ-ერთ გადაცემაში პარტიაში ჩანერგილი სუს-ის აგენტების შესახებ გასულ ინფორმაციას. როგორც მუმლაძე განმარტავს, აღნიშნული სიუჟეტიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ თანამებრძოლზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო სუს-ის აგენტი. ასევე მუმლაძემ ფეისბუქლაივისას აღნიშნა, რომ პარტიის ერთ-ერთი ხელფასიანი თანამშრომელი თენგო სანაია მას „შუბლის გახვრეტით" დაემუქრა. მუმლაძემ ისაუბრა ნიკა მელიაზეც:

„რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას და მის როლს, მისი როლი იყო წარმოუდგენლად ცუდი, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი ეთამაშა, ეს არ გააკეთა. რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების. ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა ამ ჩხუბში, არიან ლაჩრები, პირდაპირ ვეტყვი. ხალხი, რომელიც მშიშრები არიან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ასეთ ხალხთან ერთად რაიმე ბრძოლას ჰქონდეს აზრი, რადგან სუსტ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადათელვა სიამოვნებას რომ განიჭებს და წახალისებას ახდენ, მათ შორის ეს ეხება ნიკა მელიასაც, პირდაპირ ვასახელებ მას. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც აფარებული არის დაცვას და ისე ებლატავება ხალხს. არის ლაჩარი და სადაც შემხვდება, სათანადო პასუხს გავცემ, სიტყვით, პირველ რიგში და თუ რამე იქნება საჭირო, თავს დავიცავ და ასე შემდეგ", - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×