რეზონანსი
19.08.2022

სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით (-1%) შეამცირა.

ექსპერტების შეფასებით, შვიდთვიანი უმოქმედობის შემდეგ, ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის 13%-მდე შემცირება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებულ მოთხოვნასთან, რომელიც არატრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 80%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს უმსხვილესი თურქული პროფესიული კავშირის - "საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ, რომლის თანახმად, თურქეთში რეალური წლიური ინფლაციის დონე 160%-ს შეადგენს.

ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე, როგორც თურქეთის ეროვნული ბანკის, რომლის მონეტარულ პოლიტიკასაც უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფალი - პრეზიდენტი ერდოღანი.

სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის 13%-მდე შემცირება კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ინფლაციას და ქვეყანას გაცილებით რთულ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×