საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აბსურდულსა და ტყუილს უწოდებს მისი მისამართით სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს.
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ნამდვილად დაემუქრა თუ არა გოგაშვილს, რაზეც შს მინისტრმა აღნიშნა: „ეს რა თქმა უნდა, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე მიცნობს, ოჯახი ჩემთვის და არამარტო ჩემი ოჯახი, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაცა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ასე შემდეგ დავმუქრებოდი".
მისვე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც სოსო გოგაშვილი ამბობს.
„ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ.
თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ განყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან", - განაცხადა გომელაურმა.