რეზონანსი
10.08.2022

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სჭირდებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს.

შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×