რეზონანსი
08.08.2022

რაც შეეხება სამომავლოდ ჩემს კონკურსში მონაწილეობის საკითხს, პირველ რიგში, თუ არ დასრულდა ეს კონკურსი და შესაბამისი კონტურები არ გამოიკვეთა, ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება ნაადრევია, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში კონკურსანტების შერჩევის პროცესი შესაძლოა ჩავარდეს და ეს პროცესი ახლიდან დაიწყოს, ასეთ შემთხვევაში კალანდარიშვილი სპეციალურ კომისიას თავიდან წარუდგენს თუ არა თავის კანდიდატურას, ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რა შედეგებით დასრულდება ეს კონკურსი - ეყოლება თუ არა არჩეული კომისიის თავმჯდომარე თუ კომისიის წევრები ცესკოს. როგორც მოგეხსენებათ, პირადად მე და ცესკოს წევრები ჩვენ ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას როგორც მანდატის, ასევე კანონმდებლობიდან გამომდინარე, სანამ ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ ეყოლება. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, არანაირი ნეგატიური გავლენა არ ექნება ჩვენს საქმიანობასთან. უფრო მეტიც, მთელი ძალისხმევით ვიმოქმედებთ და წარვმართავთ ჩვენს საქმიანობას იმისთვის, რომ ყველა მიმდინარე აქტივობა ბოლომდე ასევე წარმატებით მივიყვანოთ, თუმცა, რაც შეეხება სამომავლოდ კონკურსში მონაწილეობის საკითხს, პირველ რიგში, თუ არ დასრულდა ეს კონკურსი და შესაბამისი კონტურები არ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება ნაადრევია", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა, ამ ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას ხელს არ უწყობს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×