რეზონანსი
06.08.2022

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მისი კანდიდატურა ასარჩევად არ წარუდგინა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უცნობია ის მოტივი და გარემოებები, რის მიხედვითაც პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. ამასთან, ერთწლიანი საქმიანობის ფონზე ჩვენ გვაქვს პროგრესი ადმინისტრაციის საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წინსვლა. ჩემთვის გაუგებარი მოტივების შესახებ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს. მიუხედავად ხსენებული გარემოებისა, ჩემთვის პირველ რიგში, დღეს მთავარ პრიორიტეტად რჩება ის, რომ თავდაუზოგავად გავაგრძელოთ მუშაობა დაწყებული რეფორმების და პროექტების ბოლომდე მისაყვანად, იმ უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, რაც დარჩენილია. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ჩემი საქმიანობის ხარისხზე. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უმაღლესი სტანდარტი დავადგინეთ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეულწილად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაკეთდა. ალბათ, იქნება შესაბამისი შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და გვექნება ანალიზის საშუალება. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ჩემ კანდიდატურას პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. შესაბამისად, ამ ფონზეც, ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი სხვა იყო, თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არჩევანი ორზე გაეკეთებინა. რა დაედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, ჩემთვის უცნობია", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე წარდგენილი კანდიდატების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს წარმატებებს უსურვებს.

„ამ კანდიდატების შეფასება ჩემგან უხერხული იქნება, რადგან კონკურსის ყოფილი მონაწილე ვარ. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ვიყავი ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, რომლის ანგარიშზეც დღეს მაღალ პროფესიონალიზმთან, კომპეტენციასთან, კვალიფიკაციასთან ერთად არის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის წარმატებული ერთი წელი, რეფორმები, პროექტები, პროგრესი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური გამოხმაურებები, რომელსაც თავად პრეზიდენტი იზიარებდა არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში. წარმატებებს ვუსურვებ ორივე კანდიდატს, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს შემდგომ მათ მიმღებლობას თუ მიუღებლობას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამასთან, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით საქმიანობას ცესკოში აგრძელებს.

„როგორც იცით, კონკურსი საკმაოდ კომპლექსურია და რამდენიმე ეტაპიანი, რაც გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული. ჯერ ჩემი უფლებამოსილების ვადაც არ ამოწურულა. ამას გარდა, ჩემი უფლებამოსილება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ ეყოლება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე ჯერ ვარ ცესკოში და მთელ ძალისხმევას ჩავდებ იმაში, რომ დარჩენილ პერიოდში ბოლომდე მივიყვანოთ ის, რისი გაკეთებაც ამ მცირე ვადებში შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქონიებს უარყოფით გავლენას ჩემს საქმიანობაზე და მის ხარისხზე. ჩემი ენერგია და შემართება იქნება ზუსტად იმგვარი, როგორიც იყო ამ პოზიციაზე განმწესების პირველივე დღეებიდანვე", - განაცხადა კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×