დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მაშველები დონბასში აგრძელებენ ჩასივ-იარში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევების გაწმენდას. 13:00 საათის მონაცემებით, ადგილზე ჩატარებული სამაშველო სამუშაობის შედეგად აღმოჩენილია 15 დაღუპულის ცხედარი, ნანგრევებიდან ხუთი ადამიანია ამოყვანილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მაშველების ინფორმაციით, კონტაქტი დამყარებულია ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილ სამ ადამიანთან.
ქალაქ ბახმუტთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში სარაკეტო თავდასხმა რუსებმა გასულ დღეს, საღამოს საათებში განახორციელეს. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ხოლო ნანგრევებში 30-ზე მეტი პირი იყო მოყოლილი.