რეზონანსი
04.07.2022

ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს, ამის შესახებ ჟურნალისტებს "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილმა ამ კონტექსტში შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, მრავალი თვეა ცნობილია, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან.

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ გეგმას სამადაშვილმა „მოგონილი პროცესი" უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი მხოლოდ ხალხის მოტყუებაა.

„ვითარება ისეთია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შესაძლოა კიდევ ერთხელ დაკარგოს. „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. პროცესი რეალურად არაფრის მომცემია - ეს არის სიმულაციის შექმნა, თითქოს „ქართული ოცნება" ვალდებულებების შესრულებას აპირებს.

შარლ მიშელის შეთანხმება არის ევროკავშირთან ერთად შეთანხმებული გზა. აღნიშნული შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. ამიტომ კონკრეტული მოთხოვნაა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეთანხმებულია შარლ მიშელის დოკუმენტით. არ გვჯერა, რომ „ქართული ოცნება" გადადგამს ნაბიჯებს, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება, რადგან ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ევროპული მომავლის საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია "ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×