რეზონანსი
01.07.2022

24 ივნისს ბაგებში, „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილს, რომლითაც ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მგზავრობდა, ცეცხლი გაუხსნეს. კაჭარავა გარდაიცვალა. ბიზნესმენს 20 ტყვია მოხვდა. სიკვდილს გადაურჩა მძღოლი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.

53 წლის ლევან კაჭარავა ბოლო წლები საფრანგეთში ცხოვრობდა. საქართველოში ერთი თვის წინ მამის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და უკან აღარ წასულა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, რა იყო შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი. როგორც ირკვევა, დამნაშავე ფერდობზე იყო ჩასაფრებული და მანქანის გამოჩენას ელოდებოდა. ალბათ, ისიც იცოდა, რომ იქ სათვალთვალო კამერები არ არის. არის ვერსია, რომ თავდამსხმელი ორი იყო, რომლებმაც კარგად იცოდნენ კაჭარავას მარშრუტი. საჭესთან იმ დღეს მისი მძღოლი არ იჯდა, სხვა პირი იყო, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეკვეთილი მკვლელობაა და ბიზნესმენი კილერმა მოკლა. თავდაპირველად მომხდარი მის საქმიანობას დაუკავშირეს, მეორე ვერსიით, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მომხდარ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდებოდეს. სააგენტო Ambebi.ge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობამდე სომხეთში წასვლისას სწორედ ლევან კაჭარავამ, მეტსახელად „ტილიკამ" დააფინანსა.

„როგორც ჩანს, გია კვარა­ცხელიამ (ნიკო კვარაცხელიას მამა - ავტ.) მოქმედება დაიწყო­. ცნობილია­, რომ "ტილიკა" ძმებ კაკ­ულიების ახლობელი იყო. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მაგრამ მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ლევან კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არ გაჩერდება და, შესაძლოა, შურისძიების მსხვერ­პლთა რიცხვიც გაიზარდოს", - ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად სახელდებიან, თუმცა­ მათთვის ეს ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. ისინი ვაკეში მომხდარი მკვლელობის მცდელობისთვის იხდიან სასჯელს, კავილაძე და ჭელიძე კი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებლებად არიან მიჩნეული­ და ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, კვარაცხელიას ოჯახი გამოეხმაურა.

"ჩვენ ამ ოჯახთან ნაცნობობაც კი არ გვქონია. საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს, ალბათ, ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და, სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი... ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. არანაირი წყარო, რომელიც მედიას მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა, არ არსებობს, რომ არა "სეთურის ინსტიტუტი". უფალმა ინებოს, რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი"­ - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში.

ჩვენ დავუკავშირდით კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატ პაატა მეხრიშვილს: - კაჭარავას გვარი ჩვენს საქმეში ნახსენებიც არ არის. ვერსია, რომ გია კვარაცხელია შურს იძიებს, ტყუილია. ოჯახის პოზიციაა, კანონის შესაბამისად აგოს ყველამ პასუხი, ვინც ნიკოს საქმეში ფიგურირებს.

ელენე მხეიძე, ლევან კაჭა­რავას­ დედა: - როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის კილერის ნამოქმედარი და ალბათ, ის უკვე აღარც არის საქართველოში. იმ დღეს მისი მძღოლი კახა არ იჯდა საჭესთან, ის ორგანოს ყოფილი მუშაკია.­ სხვა იჯდა და სწორედ ამაშია საქმე... ლევანს საქართველოში მტერი არ ჰყავდა. სალომე კობალაძე, ბიზნესმენის დეიდაშვილი: - ლევანი დაცვით არ დადიოდა, მხოლოდ მძღოლი ჰყავდა... ვინც მასთან ერთად იმ დღეს იყო, ისიც თანამშრომელია... ჯერჯერობით ვინმეს დადანაშაულება ძნელია.

ვინ იყო ლევან კაჭარავა?

ლევან კაჭარავა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 1994 წელს დააფუძნა შპს "ჯორჯიან ტრანზოილი", რომელიც რეგიონის ლიდერი იყო ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვებში. 1995-1996 წლებში გიორგი რამიშვილთან (მეტსახელად "ზარალა") ერთად "სილქ როად ჯგუფი" დააფუძნა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იმავე წლებში აფუძნებს ბანკს. მისი ინტერესების სფერო მოიცავდა ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს. 2006 წლიდან ლევან კაჭარავა გამოეყო "სილქ როად ჯგუფს" და დააარსა კომპანიების­ ჯგუფი MULTIPLEX-ი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა. 2008 წელს პარტნიორებთან ერთად სახელმწიფოსგან გამოისყიდა თბილისის წყლის კომპანია. 2008 წელს ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი Multiplex Petrolia Logistics Solutions BV. 2013 წელს კი დააფუძნა კომპანია, რომელიც ახორციელებს­ ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას. ფლობდა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებდა საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში. მისი სახელი დაკავშირებულია ჩინურ-ყაზახური ახალი აბრეშუმის გზის"პროექტთანაც. 2017 წლიდან ქართველ ინვესტორ გელოვანთან ერთად დააფინანსა პროექტი - სპორტული კლუბების ქსელის შექმნა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. საქართველოში ფლობდა თანამედროვე ტიპის ფიტნესქსელს.

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×