რეზონანსი
01.07.2022

ალბათ არავის წარმოუდგენია, რომ მიღებაზე, სადაც მშვიდობიანი გარემოა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უმიზეზოდ ასე ვთქვათ, ჩაებმება რაღაცა ტიპის შეხლა-შემოხლაში. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს უმძიმეს პროვოკაციასთან, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი აღნიშნული კომენტარით ამერიკის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან „აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე".

„ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც „ტვ პირველი" დაერქვა, მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლების დავალებებით გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ ბავშვებს, ვინც იქ დახვდებათ, აშინებენ პენსიონერ მშობლებს. ამის მსხვერპლი ჩვენც ვყოფილვართ, მე და ჩემი ოჯახი და ეს ინციდენტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, მთავარი, რაც მინდა, დღეს ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან როგორც ჩანს, აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე.

ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9 პროცენტში და ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას" ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×