რეზონანსი
30.06.2022

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ჩეხეთს 2022 წლის პირველ ივლისს გადააბარებს. საფრანგეთის ელჩმა პრესკონფერენციაზე მისი ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, ხოლო ჩეხეთის ელჩმა - სამომავლო გეგმებზე.

„მადლობა მოწვევისთვის, რათა ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის საპრეზიდენტო ვადაზე ვისაუბრო. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩეხეთსაც. ევროპულ საბჭოში საპრეზიდენტო პოზიცია არ არის ძალაუფლება, ეს არის სამსახური, რათა ყველა ქვეყანას შორის კონსენსუსი იყოს მიღწეული. ჩვენი საქმიანობის ფოკუსირება ამბიციურ ამოცანაზე იყო მიმართული. ეს არის იურიდიული და საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს იქნა მიღებული იმ ენით აღუწერელი აგრესიის დროს, რაც რუსეთმა განახორციელა. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, მაგრამ ევროკავშირში კოლექტიური მუშაობისა და კონსენსუსის მიღწევის გამოცდილება გვაქვს, რათა დავხმარებოდით უკრაინას, გამკლავებოდა აგრესიას. ჩვენი, ევროკავშირის ქვეყნების ძირითადი მიღწევა იყო, რომ სანქციების ექვსი პაკეტი შევიმუშავეთ რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხიც და ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ვინ იფიქრებდა წლების წინ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდებოდა. ჩვენ გავხსენით საშუალება, რათა კანდიდატის წევრობაზე განგვეხილა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოტენციალის საკითხი. ჩვენთვის გახსნილია საკითხი მოლდოვისა და უკრაინის წევრობაზე. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვაქვს, ბულგარეთის, მაკედონიის სახით და ის ურთულესი საკითხები, რაც მათ წინაშე ევროკავშირის წევრობაზე დგას.

საქართველო გაცილებით წინ არის ზემოთხსენებულ ქვეყნებზე და პროგრესულია, თუმცა გარკვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა დაუსახა ამ ქვეყანას. რეფორმების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×