რეზონანსი
29.06.2022

ვთვლი, ამ საკითხებზე კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ - ჩვენ უნდა გადავერთოთ მუშაობაზე და მივიღოთ შედეგი, რომელიც გვაინტერესებს - ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები უნდა გავხდეთ - ვადა მოკლეა, მაგრამ ამ მოკლე ვადაში შევძლებთ გეგმის ისე განხორციელებას, რომელიც დამატებით შეკითხვებს აღარ წარმოშობს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მმართველი გუნდიდან წასული სამი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრების ვერსია, რომლის მიხედვით, მმართველ გუნდს იმის გამო ტოვებენ, რომ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა უნდათ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ასეთი რამ არ თქმულა და ეს ინტერპრეტაციაა".

ვოლსკის განმარტებით: "ისინი ამბობენ, რომ არსებობს შიდა სამზარეულო, არსებობს გარკვეული თემები, რომელზეც დისკუსია მიდის, მაგრამ თვლიან, რომ ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანის დოზირება არის არასაკმარისი". მისივე თქმით, "თუკი არსებობს საკითხები რაზეც კოლეგებსა და ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია და არა - ჩვენი".

"სიტუაციას ნუ გავაპრიმიტიულებთ. პოლიტიკაში არსებობს შიდა სამზარეულო, სადაც გარკვეულ საკითხებზე მიდის ლაპარაკი. არის სხვადასხვა მოსაზრებები, მოსაზრებების განხილვის სხვადასხვა ფორმატი, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც ითვალისწინებ, მაგრამ თუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ მეც იგივე შემიძლია დავადასტურო რაც სოზარმა, დიმიტრიმ და მიხეილმა თქვეს, მაშინ მათ გასვლასაც არანაირი აზრი არა აქვს...

მე ერთი პრინციპული პოზიცია მაქვს და ჩემი კოლეგები, მეგობრები და თანაფრაქციელები შემდეგ განცხადებას ვაკეთებთ: ჩვენ ვმუშაობთ და ექვსი თვის თავზე, შეიძლება ცოტა ადრეც, იმ 12 მუხლის მიხედვით ისეთი შეთავაზება გვექნება, რომელიც ყოველგვარ შეკითხვას გასცემს პასუხს იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება მაღალი ევროპული სტანდარტი. ნებისმიერი სხვა კომენტარი და ინტერპრეტაცია არ იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გზა გახსნილი იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ "ანტიდასავლური კამპანია, როგორც ასეთი, არ არსებობს - არსებობს აზრთასხვადასხვაობა".

"ამ აზრთასხვადასხვაობაში რომელი მხარე ვინ იქნება, ამას წინასწარ ნუ განვსაზღვრავთ. მაგალითად, საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებებია ევრპოკავშირის პოლონეთთან და ეს დაპირისპირება სულ ახლახანს მოგვარდა. დაპირისპირების ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არანაირად არ ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა და სამწუხაროდ, უკვე უმრავლესობის არაწევრებმა ისაუბრეს, ეს ის თემებია, რომელთა დაკავშირებითაც დამატებითი კომენტარი, ანალიზი, შინაარსში შესვლა რომ დავიწყო, ნიშნავს, იმ პრინციპს ვუღალატო, რაც ახლა გითხარით. ამაზე მეტი კომენტარი ამ თემაზე აღარ მექნება და ვერ მექნება! ჩემი ერთადერთი კომენტარია - ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის არც ერთ თქვენთაგანს, არც ოპოზიციას, არც ექპერტსა და არც საზოგადოებას ეჭვი არ დარჩება, რომ ეს სწორედ ის არის, რა მოთხოვნასაც ჩვენს წინაშე აყენებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×