რეზონანსი
24.05.2022

მაიმუნის ყვავილის პრევენციის მიზნით, ზედამხედველობა ძლიერდება და ლაბორატორიული კვლევების გაფართოება იწყება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან საქართველომ რეკომენდაციებიც მიიღო და სამედიცინო დაწესებულებს მითითებებიც მისცა. კლინიკებს ყველა საეჭვო, არატიპიური შემთხვევის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა დაევალათ. პარალელურად საქართველო სპეციფიურ PCR ტესტებს ელოდება , რომელიც ინფექციას რამდენიმე საათში გამოავლენს.

მიიღებს თუ არა მაიმუნის ყვავილი ეპიდემიის სახეს - დღევანდელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, მეცნიერების პასუხი უარყოფითია. ვირუსი მარტივად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ინფიცირება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე ხდება. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მაიმუნის ყვავილის შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ ეპიდემია არ იქნება.

საქართველოს მოსახლეობისთვის მაიმუნის ვირუსის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, ინფექცია ქვეყანაში ჯერ დადასტურებული არ არის. დაავადება ორთოპოქს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება , რომელზეც კვლევითი ცენტრი დიდი ხანია მუშაობს და ამ დრომდე ამ ჯგუფის მხოლოდ ერთი სახე - ძროხის ყვავილია გამოვლენილი.

განახლებული ვირუსი ყვავილის ჯგუფის ინფექციას მიეკუთვნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა, ვინც აცრილია ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით, მათი იმუნიტეტი, გარკვეულწილად, დაცულია. დაიწყება თუ არა მსოფლიოში პრევენციის მიზნით ყვავილის საწინააღმდეგო აცრები - რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ელოდებიან, თუმცა აშშ-მა ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, 17 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 250-ზე მეტი შემთხვევაა ლაბორატორიულად გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ინფექცია უფრო გავრცელდება. სპეციალისტების რეკომენდაციაა ადამიანები მოერიდონ მჭიდრო პირად კონტაქტებს იმ პირებთან, ვინც თავს კარგად არ გრძნობს, ან გამონაყარი აქვს. ხოლო ის, ვისაც მაიმუნის ყვავილზე ეჭვი გაუჩნდება, იზოლაციაში უნდა დარჩეს და სამედიცინო დახმარება მოითხოვოს.

წყარო: "რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×