
ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა. ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ქართველი არტისტი ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა.
"დეივიდ დათუნა, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მხატვარი, ჩვენი ახლო მეგობარი, ექსტრავაგანტული, ნიჭიერი, ექსპრესიით სავსე ხელოვანი იყო. ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს უდიდეს დანაკარგს! მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ხელოვნების ისტორიას დარჩება... ძალიან ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამბობს ნუცა.
დევიდ დათუნას 1999 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობდა. Business Insider-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მხატვარია და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება.
ქართველი ხელოვანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2019 წელს მოხვდა, როდესაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა.
მუზეუმში კედელზე ბანანი წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული. დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა და მიირთვა.
"ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობს, რომ ბანანი ძალიან გემრიელი იყო. "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ," - დასძინა მაშინ დევიდ დათუნამ.
იხილეთ სრულად: ambebi.ge
