რეზონანსი
23.05.2022

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით დაახლოებით 13,000 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულს ეხება.

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაულებებისთვის კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარსდგება სასამართლოს წინაშე.

მან აღნიშნული განცხადება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

"ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13000-მდე საქმე, რომელიც მხოლოდ ომის დანაშაულებს ეხება. ამ კატეგორიაში ეჭვები გამოიკვეთა დაახლოებით 49 პირზე, რომელთა წინააღმდეგაც, ომის დანაშაულების ჩადენის გამო, ჩვენ სამართლებრივი დევნა დავიწყეთ", - აღნიშნა ვენედიქტოვამ.

უკრაინის გენპროკურორის თქმით, მისი ქვეყნის ოფიციალურ პირებს დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია აქვთ, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

"ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა უპირობოდ დაუბრუნდა ძალადობის სასტიკი ომის ტაქტიკას. სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, ფართოდ და სისტემატურად, განზრახაა მიზანში ამოღებული", - დასძინა გენერალურმა პროკურორმა.

მანვე თქვა, რომ რუსული ძალების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რომელთა დოკუმენტირებაც მისმა გუნდმა მოახიდინა, წარმოადგენს „ენით აუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკესა და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

როგორც ვენედიქტოვამ აღნიშნა, ომის შედეგად 4600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 232 ბავშვია, თუმცა დასძინა, რომ მსხვერპლის რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×