რეზონანსი
28.01.2022

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ - საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა.

„ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტი - დანიელ ჟან ზაპპელლი.

ექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში.

კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს:

შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი,

ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი,

პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,

პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,

ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე,

შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე,

ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატის პრეზიდენტი,

ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატის პრეზიდენტი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციის მიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.

გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევის მიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×