რეზონანსი
27.01.2022

სამარცხვინო აბსურდია, რომ ასეთი აგრესიის დროს აგრესორს არ ასახელებდე - რასაც ესენი პრაგმატულ პოლიტიკას ეძახიან, რეალურად არის ხარკის გადახდა და დისტანცირება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თაობაზე.

ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ ლოგიკას მივყავართ იქამდე, თითქოს „რაღაც თვალსაზრისით უკრაინის ბრალია, რომ რუსეთი თავს ესხმის".

„მკაფიო მხარდაჭერა რუსეთის ხსენების გარეშე, როცა რუსეთია აგრესორი, თავი დავანებოთ პოლიტიკურ კუთვნილებას, უბრალოდ საღი აზრი არ არის. უკრაინის მხარდაჭერა ხომ არის რუსეთზე წნეხი? - აბა, სხვანაირად როგორ უნდა დაუჭირო მხარი? ჩვენგან ხომ არავინ არ მოელის, რომ ჯარი გააგზავნო, ამაზე ხომ არ არის საუბარი?! ლაპარაკია, ჩვენ ვართ თუა რა ნაწილი დისკურსის, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალ სამყაროს და ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, პუტინის რუსეთს შორის.

ისეთი აბსურდია, რომ ეს აჩვენებს სად მიგვიყვანა ამ რეჟიმმა. საკითხი ასე დგას - თითქოს, დისტანცირებით, რომ რუსეთს არ ახსენებენ, გვიცავენ. ეს ლოგიკა მიგვიყვანს იქამდე, რომ რაღაც თვალსაზრისით უკრაინის ბრალია რუსეთი რომ ესხმის თავს და საქართველოს ბრალია რუსეთი რომ დაესხა თავს - ჩვენ თუ სხვანაირად მოვიქცევით, თუ არ გავაღიზიანებთ თავს არ დაგვესხმება. ეგ ლოგიკა ნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინის ბრალია, რუსეთი რომ ერჩის, რაღაც სხვანაირად შეიძლებოდა გვექნა, თორემ რუსეთი კი არ არის აგრესორი „მამენტ", ჩვენ რაღაც სხვანაირად უნდა გვექნა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი კოლეგები უკრაინის თემაზე ხელისუფლებასთან საერთო რეზოლუციის შესამუშავებლად თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, რეჟიმი ბოლომდე უნდა გაშიშვლდეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ხოლო აღნიშნული ქმედება კი „ოცნებისთვის" სახის შენარჩუნების შანსი იყო.

„არ უნდა შეალამაზო რეალობა. ხომ არ შეიძლება მთავარი კერძი არ იყოს და მარილით დაკმაყოფილდე?! თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, რომ მიუთითებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ იმოქმედე. მაგალითად, პრემიერი ჩავიდეს კიევში.

არ უნდა ვიქცეთ დეკორაციად. ეს რეჟიმი ბოლომდე უნდა გაშიშვლდეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. პარადოქსია, მაგრამ ეს სამარცხვინო ამბავი „კარგია", რადგან უფრო გვიადვილებს ამ ვითარების გამოაშკარავებას საკუთარ თავთანაც.

პუტინის მონააო იძახიან, პუტინის მონა რეჟიმიო და მერე პუტინის მონა რეჟიმთან საპარლამენტო განცხადებაზე რომ თანამშრომლობ, მაშინ, როცა პრემიერი არაფერს არ აკეთებს და ამით აძლევ შანსს, რომელიც საბედნიეროდ ვერ გამოიყენა „ოცნებამ", სახე შეინარჩუნოს, რომ რაღაცა ვქენით, თითქოს შედარებით ნორმალურია ვითარება საქართველოში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×