რეზონანსი
26.01.2022

ნიკოლოზ სამხარაძემ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მივიღეთ - ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება არავითარ შემთხვევაში, ეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ პირდაპირ დაგვიდასტურა. მეორე, ძალიან მკაფიო განცხადება იყო, რომ ნატო არ დაუშვებს რუსეთის მიერ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას და ამ იდეის წინააღმდეგ ყველა წევრი ქვეყანა გაერთიანებულია და ერთხმად გამოდის. ამ თემაზეც არანაირი დათმობა ნატოს მხრიდან არ იქნება. მესამე - საქართველოს გარეშე საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები არავისთან არ გაიმართება და ყველა საკითხზე ჩვენთან იქნება კონსულტაცია. ეს იყო სამი ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი.

კომისიის სხდომაზე ყველა სახელმწიფოს ელჩი სიტყვით გამოვიდა, მოვისმინეთ ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ახალი რაც გამოჩნდა არის შემდეგი, მათ აქვთ აღქმა, რომ საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილი გახდა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ცხადი და ნათელი იყო, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა წევრი ქვეყანა უკვე ამას გრძნობს და აღიარებს. ეს იყო ამ შეხვედრის სულისკვეთება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შალვა პაპუაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს. ბრიუსელში გამგზავრებულ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×