
„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პროკურატურა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ გამოტანილ დასკვნებს, დადგენილებებსა და გამოკვლევებს პატივს არ სცემს.
მისი თქმით, ის ენდობა სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს.
„რა თქმა უნდა, მე ვენდობი სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს. სულ მცირე, ამ მიმართულებით, სადაც დაირღვა მისი [სააკაშვილის] უფლებები, ეს უნდა მიეღო პროკურატურას და უნდა განეხილა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ გამოტანილ დასკვნებს, დადგენილებებსა და გამოკვლევებს უბრალოდ პატივს არ სცემს", - ასე შეაფასა სერგო ჩიხლაძემ პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელმაც სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.