რეზონანსი
18.01.2022

გამოვიდა სინდისისგან დაცლილი აზარაშვილი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო - ფეხი დაუცდა? არ გაბედონ, არ იფიქრონ, რომ პროკურატურის, სუს-ის და პოლიციის ინტრიგებით რაღაც შეთხზან ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს" საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" სანატორიუმ „ქართლში" მომხდართან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემიდან გამოსავალი „უმაღლესი დონის პოლიტიკური ყურადღებაა".

„ეს ადამიანები ითხოვენ არა ფუფუნებას, არა პრივილეგიას, არამედ იმას, რომ ჭერი არ ჩამოექცეთ თავზე. ეს ბევრია? გუშინ გამოვიდა სინდისისგან დაცლილი აზარაშვილი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ეს ნორმალურია? კაცი გადახტა, რათა კოლექტიური აზარაშვილებისთვის და სისტემისთვის, რომელიც არავის და არაფერს ხედავს, ეთქვა - მე ვარსებობ. თავი მოიკლა, რადგან ცოცხლად არავინ შეიმჩნია. ამაზე გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ფეხი დაუცდა? რას ჰქვია უბედური შემთხვევა? არ გაბედონ, არ იფიქრონ, რომ პროკურატურის, სუს-ის და პოლიციის ინტრიგებით რაღაც შეთხზან. ასე იციან - ადამიანს უბედურებამდე მიიყვანენ, შემდეგ გამოლაგდებიან, უნამუსოდ დადგებიან და „ვოთსაპში" მიღებულ „მესიჯბოქსით" ამბობენ - ის ლოთი იყო, ის ნივთიერდამოკიდებული, ამას ფეხი დაუცდა. საშიში ხალხია. ადამიანებად არ გვიყურებენ, გვიყურებენ როგორც მასალას",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა წინა ხელისუფლების პრობლემაა.

"დევნილების მხოლოდ ნახევარია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. ეს არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების" დროს. 30 წლის განმავლობაში დევნილთა 40%-ზე მეტი და ნახევარზე ნაკლები დააკმაყოფილეს. ეს არის სახელმწიფოს კოლაფსი, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ ყველა წინა ხელისუფლების ერთად",- განაცხადა გრიგოლ გეგლიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×