რეზონანსი
06.12.2021

ძალიან ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი არის აგრესორი და თავს დაესხა საქართველოს - ჩანაწერი სახელმძღვანელოში იძლევა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

"მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ თანაბრად ყველა ლიდერი უახლესი ისტორიის, ამ სახელმძღვანელოში არის შეტანილი: ივანიშვილიც, სააკაშვილიც, შევარდნაძეც, ზვიად გამსახურდია. თუ ყველაზეა, პირველი პირი იყო ამ ქვეყნის და ლოგიკურია, ასეც იქნება. თუ მარტო ივანიშვილზეა მაშინ, ეს გაუგებარი და მიუღებელია ერთი ადამიანის გამოყოფა მაშინ, როცა საქართველოს ჰყავდა სხვა პირველი პირებიც თანამედროვე ისტორიაში.

ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც იოტისოდენად მაინც კითხვის ნიშანს ბადებს ომის დაწყებასთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. ძალიან ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და საქართველოს უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა, რაც მან 2008 წელს განახორციელა. ვისურვებდი, ეს ჩანაწერი სხვანაირად იყოს ფორმულირებული, ეს ჩანაწერი იძლევა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას. ყველაზე კარგი და პირუთვნელი მსაჯული არის დრო, დრო გავა და ყველაფერი სწორად დაიწერება, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ჩაიწეროს, ამით ისტორიას ვერავინ გადაწერს", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას" და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის" როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×