რეზონანსი
24.10.2021

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შოკში აგდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელთანაც, დროდადრო, მას შეხვედრები აქვს და ესაუბრება დემოკრატიაზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და თითქოს მას ამ დემოკრატიის განვითარება სურს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დროს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი გაიმარჯვებს, ცენტრალური მთავრობის გარეშე მას პერსპექტივა არ აქვს.

მელიას თქმით, 30 ოქტომბერს ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მკაცრი, მშვიდი, მაგრამ მყარი რეაქცია ამ „უმსგავსობაზე, რასაც ღარიბაშვილი სჩადის" ბოლო დღეებში.

„ბოლო დღეებში ბატონი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ, თურმე, შეუძლებელია და დანაშაულია, თუ ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა და თითქოს ეს სახელმწიფოს ჩამოშლის. გეუბნებით, არც მეტი, არც ნაკლები, ის საერთაშორისო საზოგადოებას შოკში აგდებს, რადგან ევროპული დემოკრატია ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და პარტიებზე. ამ ლოგიკით, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ოდესმე ვინმემ მოიპოვოს გამარჯვება, გარდა ქართული ოცნებისა, რადგან ამას ეძლევა შემდეგი კვალიფიკაცია, თითქოს ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის ტოლფასი და პარალიზებული იქნება ესა თუ ის მუნიციპალიტეტი. ამ ლოგიკით, რატომ იღებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი მე-2 ტურში მონაწილეობას? იქ ხომ საკრებულო მთლიანად ოპოზიციურია? რატომ იღებს რუსთავში ოცნების კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას, იქ უკვე დაკომპლექტებულია საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების მიერ. იგივე ხდება ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებში. რა აზრი აქვს მაშინ მათ მონაწილეობას?

დილით ბატონ ღარიბაშვილის მობილურზე მისდის მესიჯები, რაც უნდა ტირაჟირდეს მის მიერ და ისე საუბრობს, აზრსაც არ ატანს, მაგრამ მერწმუნეთ, საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირება უკვე აქვს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×