რეზონანსი
21.10.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მაკონტროლებლის მანდატი აქვს, ხოლო როდესაც სამედიცინო დაწესებულება შეჩერებული ლიცენზიის მიუხედავად, განაგრძობს საქმიანობას, ეს სამართალდარღვევაა.

თამარ გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ საკითხი ხდება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია.

„რეგულირების სააგენტოს მთელი რიგი მიმართულებებით მაკონტროლებლის მანდატი აქვს. როდესაც ლიცენზია შეჩერებული აქვს სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, ეს არის სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, საკითხი უკვე სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია ხდება, ვიდრე რეგულირების სააგენტოსი, რადგან რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება სრულდება იქ, სადაც მან გასცა უკვე ბრძანება და მითითება, რომ კონკრეტულ დაწესებულებას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. აქ უკვე წყდება რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია და შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რეგულირების სააგენტო სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად იძიებს ამ ფაქტს და აქვს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება უშუალოდ გოგელიას კლინიკას, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მისივე თქმით, გოგელიას კლინიკაში მომხდარი შემთხვევა და ზოგადად მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც კი გვექნება საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებთ. ტესტირების პროგრამის ხარისხის მონიტორინგს და ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. გარდა ამისა, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველო ასევე სისტემატურად აკეთებს ხარისხის მონიტორინგის ვიზიტებს, რაც უკავშირდება ინფექციის კონტროლის ზომების დაცვასა და ტესტის ჩატარების სისწორის შეფასებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ფაქტები ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ფაქტების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება დროულად დასრულდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, გუშინ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×