რეზონანსი
21.10.2021

"ტვ პირველის" ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6-ვე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - დავით კუტალაძის, თორნიკე გავაშელიძის, გია გიგუაშვილის, ცოტნე ჩიხლაძის, ოთარ გელაშვილის და აკაკი ნაკაშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე აცხადებდა, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები კვლავ არსებობდა.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატები და მათი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებდნენ, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×