რეზონანსი
21.10.2021

კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.

„ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ; ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ ყველას გვაწუხებს, პასუხი მაქსიმალურად გაეცეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს.

„სასაცილოა, ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს, ესენი იქნებიან თანამდებობებზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობად „ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და შეერთებული".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×