რეზონანსი
20.10.2021

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპირებები ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ამის შესახებ ხმალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, სხვაგვარად, ისინი ნიკა მელიას მოსახლეობისთვის არჩევნების პირველ ტურამდე უნდა წარედგინა. შესაბამისად, ხმალაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ამ დაპირებების უკან არავითარი ეკონომიკური გათვლები არ არის.

საუბრისას მან მაგალითად მოიყვანა მელიას მიერ გაცხადებული ერთ-ერთი დაპირება - ყოველწლიურად 100 სტუდენტის სწავლის საფასურის საზღვარგარეთ დაფინანსების შესახებ.

„ყოველწლიურად განათლების სამინისტრო აფინანსებს დაახლოებით, 900-მდე ადამიანის საზღვარგარეთ განათლების მიღებას. რა შუაშია 100 სტუდენტის საზღვარგარეთ დაფინანსება, მაშინ როდესაც 9-ჯერ მეტს უკვე აკეთებს განათლების სამინისტრო და არა თბილისის მერია. ეს ხომ მათი პრეროგატივაა! შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. 2 ოქტომბრამდე მათი საერთოდ ერთი დაპირებაც კი არ მოგვისმენია. ძალიან მაინტერესებდა, 4 წელი ვემსახურე თბილისის მუნიციპალიტეტს და მთელი ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მივიღე კახა კალაძის გუნდში მონაწილეობა, რათა სწორად და რაციონალურად შეგვედგინა მომდევნო 4 წლის საარჩევნო პროგრამა. ბიუჯეტით გვაქვს გაწერილი და ზუსტად ვიცი, რისი შესაძლებლობა აქვს ქალაქს წელს, მომავალ წელსა და შემდეგ წლებში. ასეთი პასუხისმგებლობით შევიმუშავეთ ეს პროგრამა. თუმცა, პირველი ტურის დასრულების შემდეგ კი ვხედავთ, ქალაქში ჩნდება გაურკვეველი, ჰაერიდან მოტანილი დაპირებები.

უბრალოდ ნათქვამი დაპირებები თუ არ არის, რატომ პირველ ტურამდე არ მოხდა მათი წარდგენა?! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამისთვის ვართ ჩვენ, რომ თბილისის მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×