რეზონანსი
14.10.2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მიძმე ზამთარს პროგნოზირებს.

როგორც ფხაკაძემ "რადიო თავისუფლების" დილის ეთერში აღნიშნა, ნოემბრიდან რისკის ქვეშ იქნებ ის ადამიანები, რომლებმაც 5 და მეტი თვის წინ გადაიტანეს ვირუსი, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ჩინური ვაქცინებით აიცრნენ.

ამასთან, ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის გადალახვა თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ. მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, როცა დღეში 40 ადამიანს კარგავ, ეს არის ტრაგედია, კატასტროფა... თქვენ ხომ იცით, რომ 2 თვის წინ მოსახლეობის 70%-მა გადაიტანა კოვიდი. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა და ეს 5 თვე ზუსტად გადის იანვარის შუა რიცხვებში. ქვეყანაში მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა, რომელიც არ გაჩერებულა, ამას ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით აცრილები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება ანუ მესამე დოზა "ფაიზერი". თუ ისინი არ გაიკეთებენ ბუსტერს, მოსახლეობის ამ კატეგორიაშიც იქნება აფეთქება და ჩვენ შეიძლება იანვრის მაგივრად დეკემბერში, ანუ შობა-ახალ წელს შევხვდეთ მეხუთე ტალღის პიკით.

არავინ თქვას მერე რომ ვიღაც დამნაშავეა! ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით "ფაიზერის" ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ, რაა. მთავრობას რა შეუძლია?! - რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე.

ძალიან მძიმე ზამთარი იქნება", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×