რეზონანსი
24.09.2021

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა" ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას, რომელიც მან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.

„წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ - შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა" ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა მელია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან", - განაცხადა ჰარცელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×