რეზონანსი
04.08.2021

USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თამარ ქიტიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნა USAID-ის ახალი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი-ს (IESC) მიერ განხორციელებული პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალების, ახალგაზრდების და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით.

USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი: „აღნიშნული ინიციატივის შედეგად, ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მივცემთ სტიმულს მიაღწიონ წარმატებას და ჩაერთონ ეკონომიკის მზარდ განვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით მაგალითს, თუ როგორ იქმნება უახლესი პროგრამები ბიზნესთან და დამსაქმებელთან თანამშრომლობით. პირდაპირი კავშირის დამყარება მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის საქართველოს მოქალაქეებს დღესაც და მომავალშიც მისცემს დასაქმების შესაძლებლობებს და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი: „პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ამ ეტაპზე არსებითად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მეტი გააქტიურება, განსაკუთრებით კი სექტორული პოლიტიკის გაძლიერება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. USAID-ის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს იმ პროცესების აქსელერაციას, რომელმაც საბოლოოდ უნდა აქციოს კერძო და საჯარო სექტორის თანასწორი პარტნიორობა პროფესიული განათლების მთავარ საყრდენად და ასევე, უნდა დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში შეთავაზებულ კვალიფიკაციებისთვის.“

USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; თანადაფინანსების გზით $6.99 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოხდება კერძო და საჯარო სექტორებიდან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45%- - ქალები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×