რეზონანსი
28.07.2021

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ მათი ვარაუდით, "დელტა" ვარიანტი სხვა შტამებს შორის დომინანტური რამდენიმე თვეში გახდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ორგანიზაციის განცხადებით, "დელტა" შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია გავრცელებული, ხოლო მისით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 200 მილიონს გადააჭარბა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია ევროპასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ეს განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც ვაქცინაზე წვდომა და იმუნიზაციის ტემპი დაბალია.

გამოცემა წერს, რომ ინდონეზია კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით ახალი ეპიცენტრი გახდა აზიის რეგიონში, სადაც გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 1,300 ადამიანს აღწევს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასობით ადამიანი დაიღუპა თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, რადგან სამედიცინო დაწესებულებამ მათი დროულად მიღება ვერ შეძლო. არსებული ინფორმაციით, დღეში "დელტა" შტამით, დაახლოებით, 50,000 ადამიანი ინფიცირდება.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში იმუნიზაციის ტემპი დაბალია, რადგან 208-მილიონიანი მოსახლეობიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 16 მილიონია სრულად აცრილი.

მეორე ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის "დელტა" შტამის გამო ყველაზე მეტად ზარალდება, აფრიკაში მდებარე ტუნისია, სადაც ვაქცინაციის ტემპი ასევე დაბალია და მოსახლეობის მხოლოდ 8%-ია სრულად ვაქცინირებული. მოსახლეობის გასამხნევებლად, ტუნისში მდებარე პიცერიამ 10%-იანი ფასდაკლება დააწესა სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისათვის. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მომდევნო თვიდან ელოდებიან, რადგან ქვეყანა ვაქცინის დამატებითი დოზების და ჟანგბადის მიღებას ელოდება ევროპიდან.

მესამე ქვეყანა, რომელიც დელტა შტამის გამო კორონავირუსის მორიგ ტალღას ელოდება ეს მექსიკაა, სადაც ინფიცირების დღიური რაოდენობა 15,000 შემთხევამდეა გაზრდილი დღეში. ინფიცირების შემთხვევების 60% სწორედ დელტა შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების ზრდის ასეთ ფონზე აშშ-მა მექსიკასთან საზღვრები ჩაკეტა. მექსიკაში ოთხი სრულწლოვანი მოქალაქიდან მხოლოდ 1 მოქალაქეა სრულად ვაქცინირებული.

გამოცემა წერს, რომ მეოთხე ქვეყანა, რომელიც დელტა შტამმა, შესაძლოა, ყველაზე მეტად დააზარალოს, რუანდაა. ქვეყანა იძულებული გახდა 17 ივლისიდან ქვეყანაში "ლოქდაუნი" გამოეცხადებინა. აღსანიშნავია, რომ რუანდაში 400,000 მოქალაქეა სრულად ვაქცინირებული, რაც მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×