რეზონანსი
08.06.2021

47 წლის რობიზონ თუთარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში თავდამსხმელებმა იმ გზაზე დატოვეს, სადაც წლების განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობდა და მგზავრები მიკროავტობუსით ლენტეხი-თბილისის მიმართულებით დაჰყავდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გამვლელებმა იპოვეს.

"თავი ჰქონდა მთლიანად დამტვრეული, თვალებიც დაზიანებული, კისერს ზემოთ კაცს არაფერი აღარ უვარგოდა" - აცხადებდნენ გამვლელები.

ექიმები მამაკაცის გადარჩენას ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

"ფულს აწერდნენ, ხან 100 დოლარს სთხოვდნენ, ხან ლარს" - ყვებიან გარდაცვლილი მძღოლის ახლობლები "კურიერთან". 

ფულის სისტემატური გამოძალვა - სწორედ ეს არის ის ერთადერთი გარემოება, რაც ლენტეხში მომხდარი მძიმე დანაშაულის მთავარ წინაპირობად განიხილება.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, რობიზონ თუთარაშვილი თავდასხმამდე ლენტეხში, სოფელ ჩიხარეშში ადგილობრივ ოჯახს სტუმრობდა.

ოჯახში, რომელსაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მკვლელობამდე სტუმრობდა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს არავინ დახვდა. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი მათი თანასოფლელი პოლიციამ დააკავა, თუმცა ირწმუნებიან, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ იციან.

კონფლიქტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ ლენტეხის ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანამდე თუთარაშვილს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა სამედიცინო პუნქტის რეგისტრაციის ჟურნალში დეტალურად არის აღწერილი მისი მძიმე დაზიანებები. კლინიკური მენეჯერი "კურიერს" უყვება, რომ პაციენტი მათთან მიყვანის დროს უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

დანაშაულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე, მკვლელობის, მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×