რეზონანსი
15.04.2021

მზად ვართ დიალოგისთვის იმ პირობებით, თუ ნამახვანში შეგვიშვებენ, ხელისუფლება უკანონოდ გამართულ რკინის კედელს მოხსნის და არ შეზღუდავს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ და კანონის ფარგლებში გავაპროტესტოთ, - ამის შესახებ რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ განაცხადა.

ნოზაძის თქმით, თუ მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდება, რომ ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია, მაშინ პრემიერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გააუქმოს ეს ხელშეკრულება.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ორივე მხარეს საკუთარი პოზიციები დათმობილი აქვს და მსჯელობა და დიალოგი მიმდინარეობს იმიტომ, რომ მოხდეს კითხვების გაცვლა, პასუხებში ჩაძიება. ამას აუცილებლად სჭირდება ფორმატი, სადაც ორივე მხარე ულტიმატუმების ენით საუბარს შეწყვეტს და ჩვენ მზად ვართ, იმ ფორმატში, დიალოგისთვის პრემიერთან ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელთან, რომელსაც შეეძლება გადაწყვეტილების მიღება. მზად ვართ ამ დიალოგისთვის იმ პირობებით, თუ ნამახვანში ჩვენი დაბრუნება მოხდება, თუ ხელისუფლება უკანონოდ გამართულ რკინის კედელს მოხსნის და არ შეზღუდავს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ და კანონის ფარგლებში გავაპროტესტოთ, რაც გვინდა და სადაც გვინდა. ჩვენ ასევე მოვითხოვთ და ეს არა ერთხელ გვითქვამს, თუ მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, ნუ შეეცდება სახელმწიფო მოგველაპარაკოს სხვადასხვა ენით. ჩვენთან ის ვერ მოილაპარაკებს, გარდა ჭეშმარიტების დამტკიცებისა. თუ აღმოჩნდება, რომ ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, უნდა იკისროს პასუხისმგებლობა პრემიერმა და გააუქმოს ხელშეკრულება, გამოაცხადოს მორატორიუმი და ჩვენ დავიწყოთ საყოველთაო განხილვა, როგორ ვმართოთ ჩვენი ენერგორესურსი, როგორ შევქმნათ ის ენერგოპოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ხალხის ნებას და ნამდვილად მოგვიტანს კეთილდღეობას" - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×