რეზონანსი
15.04.2021

„ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა და ეს მზაობა არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული",- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე კი, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილია ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელზე პასუხისმგებლობაც, ამჯერად, ოპოზიციას ეკისრება, რადგან მმართველმა გუნდმა დაადასტურა მზაობა კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ 5-პუნქტიან დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ.

„ვიზიტი მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწრაფად დასრულდეს ის პროცესი, რაც ხელოვნურად არის შექმნილი. დასრულდეს მოლაპარაკების გზით, ისინი მუდმივად აპელირებენ ამაზე. არ არის ახლა იმის დრო, რომ შევიდეთ ხელოვნურ კრიზისში.

ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ დაანახვა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ ჩვენს საზოგადოებასაც, რომ ის მზად არის წავიდეს ძალიან პრინციპულ შეთანხმებაზე და ეს გაჟღერდა კიდევაც. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ დოკუმენტზე, რომელიც წარმოდგენილია უშუალოდ ევროპული მედიაციის მხრიდან, დანიელსონის მიერ, მმართველმა გუნდმა ხელი მოაწეროს. აქ საუბარია ყველა იმ პრინციპზე, რაც ჩამოყალიბებულია დანიელსონის დოკუმენტში.

მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, წითელ ხაზებს, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების ჩატარებასთან. საერთოდ არ არის არჩევნების თემა ამ დოკუმენტის ნაწილი და სწორედ ეს არის მცდელობა, რომ პროცესი შეიყვანონ ხელოვნურად ჩიხში, რათა არ მოხდეს შეთანხმება. თქვენ იხილეთ ჯეიმს აპატურაის მოწოდება, რომ არ იღებენ ნატოში ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.",- განაცხადა მან.

დავით ზალკალიანმა ამერიკელი დიპლომატების მიერ გაჟღერებულ სხვა მოწოდებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი სრულად იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებაზე და განმარტა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა და ეს მზაობა არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული, როგორც ვაშინგტონში, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

არანაირი საფრთხე ამ კუთხით არ არის. გარკვეულ პირობითობაზე არის საუბარი, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გადაიდგას ნაბიჯები და ჩვენი პარტნიორები ამას უკვე ხედავენ. დარწმუნებული ვართ ჩვენ არ მივალთ იქამდე, რომ რაღაც პირობითობა აისახოს რომელიმე რეზოლუციაში. ეს სპეკულაციები არჩევნების წინაც იყო ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული, რომ სანქციები დაწესდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მოვლენები, რომლებიც შემდგომ განვითარდა მიანიშნებს ხელისუფლების თანმიმდევრულობაზე",- განაცხადა ზალკალიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×