რეზონანსი
29.03.2021

პირველი დოკუმენტი, რომელმაც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრიდან რომ გამოვედი, პირველ რიგში ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.

ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა. ,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ 40 000 ლარის პრობლემა არ არსებობს, ქვეყნის წინაშე დგას სხვა პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ადამიანებით ვაჭრობა და პოლიტიკური ვაჭრობა. თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს და თავად ნიკა მელიაც მოიფიქრებდა მსგავსი რაღაცა რომ სდომებოდა. აქ არის იურიდიული ლაფსუსი, ადამიანი დაპატიმრებულია და რევერსით უნდათ გირაოზე საუბარი, რაც უბრალოდ გაუგებარი რამ არის. ნიკა მელია უნდა იყოს გამოსული არა ფარული და ინკოგნიტო ანგარიშებიდან თანხის გადახდით, არამედ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×