რეზონანსი
02.03.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი წითელი ხაზი სიმართლეზე გადის.

მისი განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ხარვეზი, რომელმაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შედეგზე 1-პროცენტიანი გავლენა მაინც მოახდინა.

„ჩვენი ოპონენტები საუბრობენ წითელ ხაზებზე, ოღონდ ულტიმატუმებით. ანუ აქაც არ არიან გულწრფელები, როდესაც სხვას აკრიტიკებენ, თავად კი ულტიმატუმებს აყენებენ. მთავარი საკითხი არის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა წითელი ხაზი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი წითელი ხაზი გადის სიმართლეზე. კერძოდ, რიგგარეშე არჩევნები მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის არჩევნებზე იყო იმგვარი ხარვეზი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგზე. არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შედეგზე 1-პროცენტიანი გავლენა მაინც თუ მოახდინა. ეს თუ რამენაირად დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევენებისთვის. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, ოპოზიციას აქ აქვს გადამწყვეტი როლი. ოპოზიციას აქვს გამომძიებლის და ყველანაირი ფუნქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო კომისიას. შეუძლიათ, საკუთარი 11 ათასი წევრი კომისიაში დაიბარონ და თავად ჰკითხონ, რატომ მოაწერეს ხელი ოქმებს, თუ ახლა ამბობენ, რომ ეს ოქმები არის გადადღაბნილი. საკუთარი წევრებისგან თავად მოისმინონ, იყო თუ არა რამე ხარვეზი ოქმებში. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მიდგომა არის ძალიან მარტივი, ჩვენ ვერ გავყვებით ტყუილში, მაგრამ ვთავაზობთ, რომ გამოგვყნენ სიმართლის პოვნაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა დილით პარლამენტთან გამართულ აქციასაც.

„გუშინ საღამოს შარლ მიშელთან შეხვედრის დროს და შემდეგაც ისინი აკეთებდნენ კომენტარს, რომ მზად არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომ მთავარი არის მომავალი, წინ გახედვა და ასე შემდეგ. სულ რამდენიმე საათი დასჭირდა, მთელ საქართველოს პირდაპირ ეთერში ენახა, რომ ამ კუთხით მათ სიტყვას ფასი არ აქვს, საერთო ჯამში გვაჩვენეს, რომ კონსტრუქციულობაზე საუბარი არის ფარდა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )