
გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატი შოთა კახიძე აცხადებს, რომ ბრალდებულები ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე 2020 წლის 19 ივნისს, იქ, სადაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ადვოკატის თქმით, თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, გამოეკვლიათ Google Map-ის აპლიკაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ადგილსამყოფელს.
ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, შესაბამისი ამონაწერით დადასტურებულია, რომ ბრალდებულებს დროის იმ მონაკვეთში ინტერნეტთან წვდომა საერთოდ არ ჰქონდათ, შესაბამისად, აღნიშნული აპლიკაციით ვერ ისარგებლებდნენ.
„პროკურორი იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს ნიკოლოზ რევაზიშვილი არ სარგებლობდა ინტერნეტით და წვდომა არ ჰქონდა ინტერნეტთან. ეს არის ტყუილი. თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გამოთხოვილი ინტერნეტტრაფიკის მონაცემებით დასტურდება, რომ რევაზიშვილი 19 ივნისს სარგებლობდა მობილური ტელეფონით, რომელსაც მუდმივად ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან", - განაცხადა ადვოკატმა.