
არავის არ ექნებოდა მოლოდინი და არ იქნებოდა რეალისტური, რომ გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე როგორც ეს იყო პანდემიამდე 2019 წელს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.
„ეს შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერჯერობით პანდემია არაა დამარცხებული. თუ პანდემია მსოფლიოს ძირითად ნაწილში მაინც არ დამარცხდა, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის აღდგენა იქნება შეუძლებელი. მანამდე კი იქნება პერმანენტული ბრძოლა, ხან დავაწესებთ წერტილოვან შეზღუდვებს და ხან შევამსუბუქებთ", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ინფიცირების სტატისტიკა იძლევა საფუძველს რომ ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყოს. მისი განცხადებით, ვაჭრობის სექტორში მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილია დასაქმებული.
„ვაჭრობის სექტორის გახსნა აუცილებელია, ეს არის ჟანგბადი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გაჯანსაღებისთვის სჭირდება", - აღნიშნა თურნავამ.