
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის მზიკა ხუსკივაძე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა ავჭალაში, კომენდანტის საათის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას, საკუთარ სახლთან ახლოს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
"ჩვენი ინფორმაციით, მზიკას მისივე უბნელი 15 წლის მოზარდი დაეჯახა. მშობლებისთვის მანქანა მოუპარავს. იციან ვინც არის ეს ბავშვი, არსად მიმალულა. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. საშინელი შემთხვევა იყო... სასწრაფო რომ მოვიდა, გული ჯერ კიდევ უცემდა თურმე, ძალიან სუსტად და მალევე გარდაიცვალა. იმდენად ძლიერი იყო შეჯახება, გულ-მკერდი მთლიანად შეულეწა, მარცხენა მხარი სხეულიდან მოგლიჯა...
მზიკას ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ბავშვებს არაფერს მოაკლებს, მაგრამ ჯერ შოკშია. სასწრაფოს გამოძახებას ვერ აუდიან, იმდენად მძიმედ არის ემოციურად" - ჰყვება შორენა გოგინაშვილი.
გარდაცვლილის ნათესავი გვეუბნება, რომ ხუსკივაძის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი.
"მერე რა რომ არასრულწლოვანია?! შესაბამისად უნდა დაისაჯოს ისიც და მისი მშობლებიც. ბავშვმა მანქანის გასაღები როგორ უნდა მოგპაროს?" - განუცხადა "ამბებს" გოგინაშვილმა.
წყარო: ამბები.ჯი