
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-იანი კლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის მაჩვენებლები 2010 წლის იდენტურია. "ავიანიუსის" მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 833 846 მოემსახურა, 2019 წელს კი 5 209 466 მგზავრს, შესაბამისად კლება 83,99%-ის დონეზეა. 2020 წლის მაჩვენებლები 2018 წლის მაჩვენებლებთან 83,46%-ითაა შემცირებული.
ბოლო წლებში საქართველოს ავიაბაზარი ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველი იყო, რადგანაც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად სახელდებოდა და შესაბამისად ქვეყანას უცხოელი ტურისტების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა. ავიაკომპანიებისთვის საქართველოს ავიაბაზარი მიმზიდველი იყო ლიბერალური საავიაციო პოლიტიკითაც. თუმცა პანდემიამ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, მგზავრთნაკადი შეუმცირა, რადგანაც 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანა იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა. ვირუსის გავრცელების ფონზე იძულებითმა ჩაკეტვამ რამდენიმე თვე გასტანა. რეგულარული ფრენების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცხადია შემცირებული ფრენების ფონზე მგზავრთნაკადმაც იკლო.
ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა კი ასეთია:
2018 წელი – 5 040 573 მგზავრი
2019 წელი – 5 209 466 მგზავრი
2020 წელი – 833 846 მგზავრი.