რეზონანსი
20.01.2021

სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ნდობის დეფიციტზე ისაუბრა. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სახალხო დამცველი არ ინტერესდება იმ კანონპროექტებით, რომლებიც პატიმრებს ეხება.

„სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ მრავალი თვეა, იუსტიციის მინისტრი აღარ ვარ, ასევე, არ ვარ იმ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, რომ არის პენიტენციური სისტემისთვის დარგობრივი კომიტეტი. როცა მინისტრი ვიყავი, ვხედავდით, რომ პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ძალიან სწრაფი ტემპით უარესდებოდა ნდობის ხარისხი, თავად სახალხო დამცველი კი არაფერს აკეთებდა, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო. ახლახან საჯარო შენიშვნაც მივეცი და მას მოვუწოდე, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვის პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა, როგორც „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. პატიმარი სახალხო დამცველს ბუნებრივად თავის მოკავშირედ მოიაზრებს და როცა ის ამ მოკავშირეობაზე უარს ეუბნება, როცა პატიმრები ხედავენ, რომ „ამნისტიის კანონი“ მას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნდობის ეროზიას.

იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ჩემზე ფიქრობდეს, მოვუწოდებ, იფიქროს პატიმრებზე, იმ გამოფიტულ ნდობაზე, რომელიც აქვს პატიმრებში და ეს ნდობა გააძლიეროს. მაგალითად, დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თუ კანონად იქცევა, დიდწილად პატიმრების უფლებებსაც ეხება. ამიტომ, სახალხო დამცველის ადგილას რომ ვიყო, ამ იდეას ავიტაცებდი, ვიმუშავებდი მიხეილ სარჯველაძესთან და ჩემთან, ვინც ამ ცვლილებების ავტორები ვართ და დავიცავდი პატიმრების ინტერესებს კანონპროექტის განხილვისას, მაგრამ ეს არ ხდება. არც მას და არც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც საჯარო სივრცეში ვამბობთ, მედიის დამსახურებით, ამას საკანში პატიმრები ისმენენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მონიტორინგთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ.

„როცა პატიმარი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს არ აინტერესებს ამნისტია, როცა ეს პატიმარს აინტერესებს, ასევე, როცა პატიმარი ისმენს, რომ სახალხო დამცველს ალბათ, ის კანონპროექტი არ დააინტერესებს, რომელიც დღეს დავაინიცირეთ, მათ ეს უკვირთ. რაც შეეხება მონიტორინგს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში სახალხო დამცველის მონიტორინგს ჩემი მინისტრობისას არავითარი პრობლემა არ შექმნია და დარწმუნებული ვარ, არც ახლა ექმნება, თუმცა ამაზე თავად უწყებამ კომენტარი გააკეთა“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.

ლომჯარიას თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. მათი განცხადებით, სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რამე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
linda   (21.01.2021)
გამოფიტული შენა ხარ "მზეთუნახავო"!

ჭორლეონე   (20.01.2021)
შეგასხი პირში


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )