რეზონანსი
13.01.2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ევროპასა და ამერიკაში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდი მყარდება და საუბარია ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაზე.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა და ცდილობენ, თებერვლამდე, რა დროსაც ნავარაუდევია მესამე ტალღის დაწყება, შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს.

„მთელ ევროპაში და ამერიკაში ლაპარაკობენ მესამე ტალღაზე. ყოველ დღე ახალი შემთხვევების რეკორდი მყარდება. არის ვარაუდები, რომ მესამე ტალღა დაიწყება სადღაც თებერვლიდან. ჩვენ გვინდა, პირიქით, თებერვლამდე ეს მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. უკვე მოხერხდა სტაბილიზაცია, 4-5 ათასი შემთხვევა იყო, ახლა არის ათასიდან ორიათასამდე. იმიტომაც გაგრძელდა ეს ლოკდაუნი. შემთხვევები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე, რადგან როცა რეგულაციები მოიხსნება და შეზღუდვების მოხსნის გამო ველოდებით მესამე ტალღას, მესამე ტალღას ჰქონდეს რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა შემთხვევა, რომ მატება ბევრი არ იყოს. 500-დან მატება სხვა არის,  ხუთი ათასიდან – სხვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად იდეალური იქნებოდა შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა ამ რეჟიმში ქვეყანა დიდ ხანს ვერ დარჩება. ამიტომ, ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციები და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ჩემი რეკომენდაციით, მესამე ტალღის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის, როცა მოიხსნება შეზღუდვები… ამას ქვეყანა დიდხანს ხომ ვერ გაუძლებს, იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რეალური არ არის. უნდა გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციებზე, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×