
გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა.
„გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ ოპერაციის [საკეისრო კვეთა] შემდეგ. როცა ექიმებს ეუბნებოდა, რომ „დამეხმარეთ, სუნთქვა მიჭირსო", ხმამაღლა უყვიროდნენ - „მე შენ თავზე ვერ დაგადგები, მე შენი თავი არ მაქვს, მე სხვა პაციენტები მყავს და შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმაროო". გვესმის, რომ ექიმებიც გადაღლილები არიან, მაგრამ როცა შეიძლება ადამიანი გადარჩეს ერთი ნემსით ან აუცილებელი ჩარევით, ხომ შეიძლება ეს გაუკეთო", - ამბობს მირანდა კოკობინაძე.
მისი თქმით, რუსუდან კოკობინაძეს საკეისრო ოპერაცია ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს გაუკეთეს, თუმცა ოპერაციამდე მშობიარე ქალის ფილტვების მდგომარეობა არ შეუმოწმებიათ, რენტგენი არ გადაუღიათ.
„მხოლოდ გარედან მოუსმინეს. სხვა ანალიზებიც ნორმაში აქვსო, გვეუბნებოდნენ. „მედინაში" 27 ნოემბერს გადაიყვანეს დილის 6 საათზე, თუმცა CT [კატე] იქაც მხოლოდ საღამოს გადაუღეს, რადგან გაფუჭებული იყო [დანადგარი] და არემონტებდნენ.
გადაღების შემდეგ დაზიანება შეაფასეს 23 ქულით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფილტვების 90 პროცენტი დაზიანებული იყო", - ამბობს მირანდა.
მირანდა კოკობინაძის თქმით, ოჯახმა მიმართა თბილისში მყოფ ექიმ ლევან რატიანსაც, რომელმაც პაციენტს ანტიბიოტიკი დაუნიშნა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ კლინიკაში არც ეს დანიშნულება შეასრულეს - ანტიბიოტიკი არ გაუკეთეს.
„ექიმები ჩემს დაზე გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქიკურად შეიშალა და სწორ ინფორმაციას ვერ გვაწვდიდა. არ მოუსმინოთო. მაშინ როცა, ფილტვები ფაქტობრივად განადგურებული ჰქონდა, სათანადო მკურნალობას არ უტარებდნენ", - ამბობს გარდაცვლილის და.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge