
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა კრიტიკას, რაც მოჰყვა მის მიერ მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებას მაშინ, როცა ის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
ცერცვაძის თქმით, როდესაც ის კორონავირუსით ინფიცირებული იყო, რემდესივირი მეგობრებმა საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს, ამის შეზღუდვა არავის შეუძლია და არც კრიტიკის საგანი უნდა იყოს.
"ჩემ თავზე მაქვს უფლება, თუ მე მწამს, თუნდაც ჯანმოს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. აქ მარტივი საკითხია - ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი. სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა 2 კვირაში.
მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?" - თქვა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.