რეზონანსი
29.11.2020

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ტარდება.

აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×