რეზონანსი
27.11.2020

2024 წელი არის ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მართლა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი; ამ დროს ჩვენ რაზე ვჩერდებით - ბაზარი გაიღება თუ ბაზრობა დაიკეტება? მაღაზია გაიხსნება თუ ვულკანიზაცია დაიკეტება? 90-იანი წლების საუბარია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც გვაქვს, თავისით არსად გაქრება და ამაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის.

„ჩვენ მივდივართ უკან, ეს არის ფაქტი, რომ არ მივდივართ წინ. პანდემიაა, პოლიტიკური კრიზისია, კორუფციაა, ცინიზმია იმ ადამიანების მიმართ, ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიაში არ არის, ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯია?! საპარლამენტო არჩევნები ყოველთვის არის მომავალზე ორიენტირებული. ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც გვაქვს თავისით არსად გაქრება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის. არ არის საჭირო ასეთი მკვახე პოზიციების დაჭერა იმაზე, რაც უკვე არასწორი იყო და შემდეგ აღმოჩნდება, რომ უკან დახევა შეიძლება მოგიწიოს. ასევე „ქართულ ოცნებას" თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პრეტენზია აქვს, თუ ივანიშვილს ერის მამობა უნდა, კეთილი ინებოს და დაფიქრდეს, 2024 არის ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მართლა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ამერიკის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, პანდემიასთან სწორად ბრძოლასთან და ეკონომიკის გამოჯანსაღებით და მართლა წინსვლით. ამ დროს ჩვენ რაზე ვჩერდებით? ბაზარი გაიღება თუ ბაზრობა დაიკეტება? მაღაზია გაიხსნება თუ ვულკანიზაცია დაიკეტება? 90-იანი წლების საუბარია, ერთადერთი თოფით არ დარბის ჯერ ხალხი, შუქი გვაქვს და გაზი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანი მთავრობის მიერ განხორციელებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ფაქტია ციფრები გაქცეულია და ფაქტია, რომ ჯაჭვი ვეღარ უჭირავთ, ამიტომ „ლოკდაუნი" აუცილებელია.

„ამის მეორე მხარე კი არის ის, რომ ამას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური სარჩული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად იყო მთავრობა მზად მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის, რომ ეკონომიკა, ფინანსები მობილიზებული ჰქონოდა და სამედიცინო სექტორიც მობილიზებული ყოფილიყო, რომ ქვეყანა შოკის მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო. აჩერებენ ეკონომიკას იმის გამო, რომ რეალურად არ აქვთ მზად ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებული ადამიანების მისაღებად და გვეუბნებიან - სახლში დარჩით! ეს არის ევროპული პრაქტიკა, მაგრამ ცოტა დიდხანს გაწელეს ეს ყველაფერი იმის გამო, რომ თავისი არჩევნები დაესრულებინათ. „ქართული ოცნება" ცდილობს დღის წესრიგი შეცვალოს. ოპოზიციის მოთხოვნები არის ხელახალი არჩევნები, შეთანხმება, ბოიკოტი. „ქართულ ოცნებამ" კი დაასრულა საარჩევნო ციკლი, არაფერზე არ არის წამსვლელი, კომპრომისს ერთადერთს ელოდება, რომ ჩვენი მოკავშირები - ევროკავშირი და ამერიკა დაუდებს ხედვას, რომელიც შეიძლება იყოს კომპრომისული. ახლა იბრძვიან პანდემიის წინააღმდეგ იმ ჩაფლავებულ საქმეში, რომელიც თვითონვე ჩააფლავეს თავისი ჯანდაცვის მინისტრით, პრემიერ-მინისტრით და ახლა გამოდის გახარია და გველაპარაკება ჭკვიანური სახით, ცინიზმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, შოკები არ უნდა იყოს, საზოგადოება უნდა მოამზადონ ამისთვის. ვის კეტავენ, თავის თავს თუ ჩვენ? ეს არის საზოგადოების უნდობლობის დიდი ფაქტორი, რომელმაც „ქართული ოცნებისთვის" მოკლევადიანად შეიძლება იუშავოს, მაგრამ გრძელვადიანად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ცუდია", - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ შექმნილ მდგომარეობაში ოპოზიციის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

„პასუხისმგებლობა არის ყველაზე, მათზეც ვისაც პირბადე უნდა ეკეთოს და ნიკაპამდე უკეთია. ვხედავთ, რომ პანდემიის პირობებში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიკავება, ვინ რამდენი ხმა მოიპოვა პარლამენტში", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×