რეზონანსი
27.11.2020

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირება საკმაოდ მაღალი ალბათობაა.

ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება", - განაცხადა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×