
ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება და თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სახელმწიფოს წინა სოციალური დახმარების საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და დახმარების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების კუთხით ბიზნესის მხარდაჭერის იმედიც აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრულია მაგალითად ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კონკრეტული დარგების წარმომადგენლებისთვის, ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრისას კომპანიებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დახმარების გაცემის დროსა და მექანიზმებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმაც:
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიებმა, რომლებიც შეზღუდვების გამო მოუწევთ მუშაობის გაჩერება და მათი დასაქმებულები სამუშაოს გარეშე დარჩებიან, ფინანსთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია თავის დასაქმებულებზე, რათა 300 ლარიანი დახმარებების გაცემა მოხდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ის სფეროები, რომლებიც შეიზღუდა და მათში დასაქმებულ ადამიანებზე მთავრობა აიღებს ვალდებულებას, რომ გასცეს 300 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხის გაცემა წლის ბოლომდე მოხდეს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა - გადამხდელებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, რომელიც დასაქმებული იყო ბაზრობაზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიასა თუ რესტორნაში. აუციელებელია, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს დადასტურებულად და ხარისხიანად. რა ბაზებიც გვაქვს შემოსავლების სამსახურში ყველანაირად დავეხამრებით გადამხდელს, რომ ამ ინფორმაციის მობილიზება მაქსიმალურად მარტივად მოხდეს და შესაბამისად დროულად მოხდეს ამ თანხის გადახდა.
მოვუწოდებ ყველას, ვისზეც ვრცელდება ეს დახმარების პაკეტი, მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.
დეტალები შემოსავლების სამსახურის მიერ იქნება გაწერილი და უახლოეს დღეებში ტექნიკურ ნაწილს მოგახსენებთ", - განმარტა ივანე მაჭავარიანმა.