
“საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ იმ ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანა Covax პლატფორმასთან თანამშრომლობით, მოსახლოების 20%-ისთვის ვაქცინას 17 მლნ დოლარად შეიძენს.
„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. Covax პლატფორმაში, რომელიც „გავი ალიანსის“ ბაზაზე მუშაობს (ვაქცინების გლობალური ალიანსი). ის შეისყიდის ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს – ეს იქნება ოქსფორდის, „ფაიზერის“ ან “მოდერნას” ვაქცინა.
შეკვეთილი და გადარიცხული გვაქვს უკვე თანხა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, ეს არის, დაახლოებით, 700 000 ადამიანი. ყველა ეს ვაქცინა 2-3 კვირის შუალედით ორჯერადად კეთდება, ამიტომ საჭიროა, 1.4 მლნ დოზა. ეს ჩვენთვის „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით 17 მლნ დოლარამდე ჯდება, საიდანაც 4 მლნ დოლარი წინასწარი შენატანის სახით ოქტომბერში უკვე გადაირიცხა. როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას დაამტკიცებს, ის ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ