რეზონანსი
23.11.2020

უნდა დავარღვიოთ მითი, რომ ეს დაავადება მძიმე მიმდინარეობის შეიძლება, მხოლოდ ასაკოვანი ადამიანებისთვის იყოს, - ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.

„ვერ ვიტყოდი, რომ ასაკი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. მთლად თანაბარს ვერ ვიტყვი, რომ ეს დაავადება სიმძიმის მიხედვით ახალგაზრდებსა და ასაკოვნებს შორის ვთქვათ, 50/50-ზე ნაწილდებოდეს, თუმცა, მრავლადაა ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, რომლებთანაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. რისკფაქტორებს მარტო ასაკი არ განსაზღვრავს; განსაზღვრავს თანმხლები დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და ა.შ. თუმცა, გვყოლია პაციენტები, რომლებიც არიან საშუალო ასაკის, ახალგაზრდა ასაკს მიეკუთვნებიან და არ აქვთ რამე თანმხლები დაავადებები, მაგრამ დაავადება მათთან საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ისინი მძიმე ავადმყოფებად ითვლებიან", - განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, გადატვირთულობის გამო მცხეთის სამედიცინო ცენტრი ხანდახან, იძულებულია, პაციენტების მიღებაზე უარი თქვას.

„ჩვენ დღეს რამდენიმე პაციენტი მივიღეთ სხვადასხვა რეგიონიდან. თუმცა, ამ მოცემული მომენტისთვის უკვე აღარ გვაქვს თავისუფალი ადგილები", - განაცხადა მუმლაძემ.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ცენტრში ყოველდღიურად ასეულობით პაციენტის ტესტირება ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტით და შესაბამისად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ნაკადიც გაიზარდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოცდილება შესძინა სამედიცინო პერსონალს ამ ცხრათვიანმა პერიოდმა და არის თუ არა გართულების შემთხვევაში დაავადების მართვა კვლავინდებურად რთული, ლიკა მუმლაძემ განაცხადა, რომ გართულების შემთხვევაში დაავადების მართვა რთულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხრათვიანმა პერიოდმა სამედიცინო პერსონალს გარკვეული გამოცდილება და ცოდნა შესძინა.

„ამ დაავადების შესახებ შედარებით მეტი ვიცით. თუმცა, მისი საწინააღმდეგო, უშუალოდ სამკუნალო მედიკამენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ შედეგებზე საუბარი ცოტა რთულია", - განაცხადა მუმლაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არიან თუ არა დაინფიცირებულები კლინიკის სამედიცინო პერსონალს შორის, მუმლაძემ აღნიშნა, რომ ცენტრი გამონაკლისი ვერ იქნება და მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები იქაც არის.

„თუმცა, კარგი და იმედის მომცემია ის, რომ თანამშრომელთა დიდი ოდენობით ინფიცირების ფაქტები არ გვაქვს", - განაცხადა მუმლაძემ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ძალიან საპასუხისმგებლოა.

„თუ თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენ გარშემო გადარჩენილი ათობით სიცოცხლე", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×